24 დეკემბერს გუდიაშვილის მოედნის დასაცავად გამართულ მიტინგზე (მერია მოედანს გარდაქმნას უპირებს), ძირითადად, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის" მომხმარებლები შეიკრიბნენ, რომელთაგან უმრავლესობა ერთმანეთს იცნობდა. ქართული სამოქალაქო საზოგადოება სწორედ ასეთი ვიწრო, ექსკლუზიური ჯგუფებისგან შედგება. საქართველოში დიდი ხანია მსჯელობენ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, მაგრამ თავად „სამოქალაქო საზოგადოების“ კონცეფციაში ეჭვი იშვიათად შეაქვთ.
ქვემოთ შევეცდები, გარკვეული კონცეპტუალური ჩარჩო მოვხაზო იმისთვის, რომ დავადგინო, სად გადის ზღვარი სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და რელიგიურ ინსტიტუციებს შორის. ბოლოს კი იმაზე ვისაუბრებ, თუ რა არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სისუსტის მიზეზი და რა შეიძლება იყოს სიტუაციიდან გამოსავალი.
„სამოქალაქო საზოგადოების“ კონცეფცია ჩვენთან დასავლეთიდან შემოვიდა - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სხვადასხვა პოლიტიკური, აკადემიური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ განეხორციელებინათ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მშვიდობიანი გარდაქმნა ავტორიტარულიდან დემოკრატიულ რეჟიმებად და საბოლოოდ, ამ ქვეყნებში დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატიის განვითარება (ამით დასავლელი პარტნიორები პოლიტიკურ და კომერციულ მოგებას ნახავდნენ).
იქიდან გამომდინარე, რომ თავად დონორი ჯგუფები, როგორც წესი, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ იდეოლოგიას არ მიეკუთვნებოდნენ და ყველა იდეოლოგიის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები, მათ გადაწყვიტეს, რომ აქცენტი პოლიტიკური პარტიების და იდეოლოგიების განვითარებაზე არ გაეკეთებინათ.
ამავე პერიოდში, 90-იანების დასაწყისში, ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა „ისტორიის დასასრულზე“ საუბრობდა. მისი აზრით, სწორედ საბჭოთა კავშირის შემდეგ დადგა დრო, როდესაც იდეოლოგიებს შორის ბრძოლა კომუნიზმის დამარცხებით დასრულდა და ერთმა დომინანტურმა იდეოლოგიამ - ლიბერალურმა დემოკრატიამ საბოლოოდ გაიმარჯვა.
ზემოთ აღნიშნული განწყობის შესაბამისად, სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნეს დონორებმა აქცენტი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე გადაიტანეს. რა თქმა უნდა, უცხოური დახმარების მიღება სხვა ფორმით შეუძლებელიც იქნებოდა (თითქმის ყველა ქვეყანაში უცხოეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აკრძალულია); თუმცა ამავე დროს, სამწუხარო ფაქტია ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების განვითარებაზე მზრუნველი სახელმწიფო მოხელეების, პოლიტიკოსების, მეცნიერებისა და აქტივისტების ნაწილმა მართლა დაიჯერა, რომ დემოკრატიული გარდაქმნისთვის გადამწყვეტი ფაქტორი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება იქნებოდა.
სინამდვილეში, სამოქალაქო საზოგადოებას დემოკრატიის განვითარებისთვის გადამწყვეტი როლი მხოლოდ იმ ქვეყანაში შეიძლებოდა ეთამაშა, რომელშიც ძლიერი და მრავალრიცხოვანი საშუალო ფენა იარსებებდა.
განვითარებად ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების კონცეფცია დამახინჯებულ ფორმას იღებს და ძირითადად, უცხოური დონორებისგან დაფინანსებული ორგანიზაციების სახით არსებობს. მართალია, ასეთი ორგანიზაციების არსებობა კვლევითი და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედად განხილვა რეალობას აცდენილია.
პირობითად, საზოგადოებრივი საქმიანობა სამ ნაწილად შეიძლება დავყოთ: პოლიტიკური (პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები), სამოქალაქო (არასამთავრობო ორგანიზაციები და ასოციაციები) და სახელმწიფო - საჯარო (აპოლიტიკური საჯარო ინსტიტუტები) საქმიანობები.
საქართველოში დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყნის განვითარებას მოსახლეობის პოლიტიზირება უშლის ხელს და ამ სიტუაციიდან გამოსავალს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ეძებენ.
სამოქალაქო საზოგადოებაში კი ხალხის ფართო მასების ჩაბმა ვერ ხერხდება, რადგან ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ საშუალო ფენის გარდა, ასეთმა ორგანიზაციებმა სხვა ფენის წარმომადგენლები მიიზიდოს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში საშუალო ფენა მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილს შეადგენს; მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი სიღარიბეში ცხოვრობს.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი: პირველი, იმ შემთხვევაში, თუ საშუალო ფენა საქართველოში უფრო მრავალრიცხოვანი გახდება და მეორე, თუ უცხოური დონორებისგან წამოსული დაფინანსება ისე გაიზრდება, რომ უფრო და უფრო მეტი სამოქალაქო ორგანიზაციის შენახვას გასწვდება. თუ ამ ტემპებით განვითარებას გავაგრძელებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველი სცენარი განხორციელდეს, მეორე ვარიანტი კი რეალობის და საღი განსჯის საზღვრებს ბევრად სცილდება.
თავად დონორების მხრიდანაც პრიორიტეტები აშკარად შეიცვალა: თუ ადრე ჯერ კიდევ არსებობდა იმის ილუზია, რომ შესაძლებელი იყო ფართომასშტაბიანი სამოქალაქო აქტივობების მოწყობა, დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მხოლოდ ე.წ. თჰინკ თანკ-ების, ანუ სამოქალაქო კვლევითი ცენტრების ან მედია ორგანიზაციების სახით ფუნქციონირებენ.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ტჰინკ ტანკ-ები და მედია ორგანიზაციები, ძირითადად, „ელიტური“ და არასახალხო ხასიათისაა, მოსახლეობის ფართო ფენები მათ საქმიანობაში ვერ ერთვებიან. შესაბამისად, საქართველოში „სამოქალაქო საზოგადოება“ ლიბერალური „ელიტის“ აღმნიშვნელ სინონიმად იქცა. ბევრი მოქალაქის თვალში ტერმინი „სამოქალაქო საზოგადოება“ მხოლოდ უარყოფით დატვირთვას შეიცავს.
მთავარი კითხვა უკავშირდება იმას, თუ როგორ უნდა დაუკავშირდეს ეს სამოქალაქო ჯგუფები მოსახლეობის ფართო ფენებს. რაც დრო გადის, ეს კითხვა სულ უფრო და უფრო მეტად აქტუალური ხდება, რადგან სამოქალაქო საზოგადოების „შენების“ მცდელობები, ერთმანეთის მიყოლებით, კრახით სრულდება.
საზოგადოებრივი აქტივობის იმ სამი სფეროდან, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, მხოლოდ პოლიტიკას შეუძლია მოქალაქეებსა და პროფესიულ ელიტებს შორის კავშირის დამყარება. პოლიტიკური საქმიანობა კი, თავის მხრივ, იდეოლოგიის არსებობას მოითხოვს.
ბოლო დროს, ქართულ პოლიტიკურ დისკურსში განსაკუთრებით ორი იდეოლოგია გვხვდება: ნაციონალიზმი (რომელსაც ხელისუფლება იყენებს მასების მობილიზაციისთვის) და რელიგიური რიტორიკით გაჯერებული კონსერვატიზმი (რომელსაც უფრო ხშირად ოპოზიცია მიმართავს). ორივე ეს იდეოლოგია საზოგადოებაში სოციალური განსხვავებების წაშლასა და გადაფარვას ცდილობს, რადგან ყურადღება სოციალურ-ეკონომიკური თემებიდან კულტურულ და იდენტობის თემებზე გადააქვს.
ერთადერთი იდეოლოგია, რომელსაც შეუძლია, რომ ახლანდელი ჩიხიდან გამოგვიყვანოს, სოციალური დემოკრატიაა. სოციალურ თემებზე ყურადღების გამახვილებით, შესაძლებელი გახდება პოლიტიკური პროცესებიდან გამოთიშული მასების გააქტიურება და აბსტრაქტულ თემებზე საუბრის ნაცვლად, კონკრეტულ საზოგადოებრივ პრობლემებზე საუბარი.
სოციალური დემოკრატიის იდეებმა ევროპის სახელმწიფოებს და ევროკავშირს ჩაუყარა საფუძველი. თანამედროვე ამერიკელი დემოკრატების (და მათი ლიდერის _ ბარაკ ობამას) პოლიტიკური პლატფორმაც ევროპული სოციალური დემოკრატიისგან დიდად არ განსხვავდება (მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ სოციალურ-დემოკრატიასთან შედარებით, ის ნაკლებად პროგრესულია).
აქედან გამომდინარე, დროა, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებიდან, აქცენტი პროგრესული პოლიტიკური მოძრაობების განვითარებაზე გადავიტანოთ, სამოქალაქო საზოგადოება კი მხოლოდ დამოუკიდებელი მედიისა და კვლევითი ცენტრების ნაკრებად მოვიაზროთ.
No comments:
Post a Comment